Saturday 6 July 2013

თეთრიწყაროს სამოქალაქო კლუბების საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა თეთრიწყაროს გამგეობაში

მარნეულის ახალგაზრდულ ფორუმზე თეთრიწყაროს სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებმა თემის პრობლემების კვლევის შედეგად გადაწყვიტეს ემუშავათ  ნაგვის გატანის (გარემოს დასუფთავების) პრობლემაზე. კოდის, ასურეთის, თეთრიწყაროს #1 და #2 საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა თავიანთ თემში ჩაატარეს გამოკითხვა, კონკრეტულად რა კუთხით სურდათ ამ პრობლემის მოგვარება და თვითმმართველობის დახმარება. გამოიკვეთა შემდეგი თემები:
  •   კოდის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია ნაგავსაყრელადაა ქცეული;
  •   ასურეთის წყლის რეზერვუარი, საიდანაც  მოსახლეობას მიეწოდება წყალი, დაბინძურებულია და საჭიროებს გაწმენდას;
  • ქ.თეთრიწყაროს ზოგიერთ ქუჩას არ ემსახურება ნაგვის მანქანა და მოსახლეობას უწევს მეზობელ ქუჩაზე არსებული ნაგვის ურნებით სარგებლობა.

საინიციატივო ჯგუფმა მოამზადა საინიციატივო წერილი თვითმმართველობის სახელზე და თემის წევრთა ხელმოწერები, რომელიც ჩააბარა გამგეობის კანცელარიაში. 29 მაისს საინიციატივო ჯგუფი სიქა-ს წარმომადგენლებთან ერთად  შეხვდა თეთრიწყაროს გამგებლის მოადგილეს ივანე მეგულაშვილს. მოსწავლეებმა ბ-ნ ივანეს ინფორმაცია მიაწოდეს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაზე, ამ პროგრამის ფარგლებში თემის საჭიროებებზე მათ მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ და დახმარება სთხოვეს პრობლემების მოგვარებაში. გამგებლის მოადგილემ ყურადღებით მოუსმინა ახალგაზრდებს, შეხვედრის დროს დაუკავშირდა პასუხისმგებელ პირებს. შეხვედრაზევე დაიგეგმა პრობლემის გადაჭრის გზები:
  • კოდის სკოლის მიმდებარე ტერიტორიდან საყოფაცხოვრებო ნაგვის გასატანად თეთრიწყაროს გამგეობა გამოყოფს მანქანას და კლუბი ორგანიზებას გაუკეთებს ტერიტორიის დასუფთავებას;
  • სოფ. ასურეთის წყლის რეზერვუარს ამინდების დადგომისთანავე დაასუფთავებს სასმელი წყლების სამმართველო.
  •  თეთრიწყაროს კონკრეტული ქუჩების მოსახლეობა შეუთანხმდება ქალაქის კომუნალური სამსახურს - კვირის რომელ დღეს ავიდეს  ნაგვის მანქანა ნაგავის გასატანად.


გამგებლის მოადგილემ აღნიშნა, რომ თეთრიწყრაოს რაიონს (ქალაქს და სოფლებს) მხოლოდ  2 ნაგვის მანქანა ემსახურება და ამ მწირი შესაძლებლობებით შეუძლებელია უფრო მეტის გაკეთება, რაიონის ბიუჯეტიც მეტის საშუალებას არ იძლევა. მან მოსწავლეებს შესთავაზა, აქტიური მოსწავლეები წლის ბოლოს დაესწრონ რაიონის ბიუჯეტის განხილვას, რათა უფრო კარგად გაერკვნენ როგორ ნაწილდება თანხები სფეროების მიხედვით.


თეთრიწყაროს გამგეობაში შეხვედრას ესწრებოდნენ თეთრიწყაროს #1, კოდის და ასურეთის სასკოლო სამოქალაქო კლუბების 7  წევრი და კლუბის მეურვე იზოლდა გორგასლიძე. ახალგაზრდებმა მიიღეს თვითმმართველობასთან თანამშრომლობის პრაქტიკული გამოცდილება და სტიმული მიეცათ შემდგომი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებისათვის.